თქვენ მოხვდით ყველაზე ლამაზ სამყაროში, გილოცავთ ! :)
Wednesday, January 26, 2011
კითხვები მოძღვარს
შეიძლება თუ არა ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული სამოთხეში გადავიდეს?
- ადამიანი სულის და ხორცის ერთობაა. გარდაცვალებისას ადამიანური ბუნება ორად იხლიჩება. ხორცი მიწად იქცევა. ადამიანური პიროვნება არსებობას სულის მიერ განაგრძობს. მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ სული. მხოლოდ სული არ არის სრულყოფილი ადამიანი. მას არ შეუძლია სრულყოფილი არსებობა. მას არ შეუძლია სრული ნეტარება ან ტანჯვა განიცადოს. იგი ერთგვარ მოლოდინშია.
მაგრამ მოლოდინის ორი სხვადასხვა მდგომარეობა არსებობს: პირობითად სამოთხე (არასრული) და ჯოჯოხეთი (არასრული), რომლებსაც ადამიანები გარდაცვალებისას პირადი სამსჯავროს მერე დაიმკვიდრებენ.
სამოთხეში მყოფ ადამიანს ჩვენი ლოცვა არ სჭირდება, რამეთუ იგი წმინდანია და თავად არის ჩვენი მეოხი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ სად მიდის და რადგან ჯოჯოხეთში მყოფს ეკლესიის ლოცვა სჭირდება, ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ.
ჩვენს ლოცვას არ შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აღიყვანოს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), მაგრამ მდგომარეობას უმსუბუქებს, მარტოობისა და უსასოობის განცდას უქარწყლებს და ამგვარად ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე შვებასა და ნუგეშს აძლევს.
უფლის მეორე მოსვლის შემდეგ, როდესაც შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა (სამყარო შეიცვლება) და როდესაც აღდგებიან მკვდარნი (თითოეული სული კვლავ მიიღებს განახლებულ, უხრწნელ სხეულს), მაშინ სამოთხეში მყოფი სრული ადამიანები (სულით და ხორცით) შევლენ სრულ ნეტარებაში (იქნებიან ქრისტესთან და ერთმანეთთან); ხოლო ჯოჯოხეთში მყოფთაგან, რომლებსაც უყვარდათ ქრისტე, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს სარწმუნოებრივი საქმეებით ეჩვენებინათ ღვთის სიყვარული, აგრეთვე ჰქონდათ წმ. ეკლესიის მეოხება, უფლის კაცთმოყვარებით აღმოყვანილნი იქნებიან ჯოჯოხეთიდან და მართლებთან ერთად, თავადაც გამართლებულნი მარადის ქრისტესთან იქნებიან.
ხოლო ქრისტეს მოძულენი, რომლებიც ამ სიძულვილის გამო ქრისტესთან სიახლოვით იტანჯებიან, მარადიულად ქრისტეს გარეშე დარჩებიან, რაც წარმოადგენს კიდევაც ყველაზე საშინელ სატანჯველს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
თუ ღმერთს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაშინ რატომ არსებობენ ღვთის რჩეულები?
- ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, მაგრამ ყველას ერთნაირად არ უყვარს ღმერთი. ყოველი ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თვითონ არჩევს, როგორი ერთგულებით ემსახუროს უფალს. ღმერთთან არ არის დრო. უფლისთვის მომავალი (არც წარსული) არ არსებობს (ეს ჩვენთვის გაუგებარია). მან დრო თავად, სამყაროსთან ერთად შექმნა, ამიტომ ყველა იმ ქმედებას და არჩევანს, რომელსაც მომავალში ჩავიდენთ, ღმერთი აწმყოსავით ხედავს და იცის (ე. ი. იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ იცის, არამედ, რაც უნდა გავაკეთო და ავირჩიო, ის იცის).
აქედან გამომდინარე, ღმერთი წინასწარ ხედავს რა კონკრეტული ადამიანის ღვთისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და განსაკუთრებულ არჩევანს, ირჩევს მას რაღაც მისიის შესასრულებლად. ხოლო, რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ადამიანები სხვადასხვა ნიჭით იბადებიან, უნდა გვახსოვდეს - ადამიანი ცხონდება (გადარჩება) არა ამა თუ იმ ნიჭით, არამედ ღვთის წყალობით და თავისუფალი არჩევანით: იყოს თუ არა ღმერთთან.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
რატომ ავადმყოფობენ ბავშვები? რატომ იბადებიან ხეიბრები?
- ამ კითხვას ხშირად სვამენ ღვთის მაძიებელი ადამიანები. მართლაც ძნელია, შეათანხმო ყოვლადსამართლიანი ღვთის არსებობა პიროვნულად უცოდველი ჩვილის ავადმყოფობასთან. აქედან იღებს სათავეს მცდარი შეხედულება, თითქოს მშობლების ცოდვების გამო ღმერთი შვილებს სჯიდეს. წმინდა წერილიც, ერთი მხრივ, გვასწავლის, რომ ადამისა და ევას ცოდვის გამო მთელი კაცობრიობა ვისჯებით, მეორე მხრივ კი გვმოძღვრავს, რომ მშობლების ცოდვა შვილებზე არ გადადის.
მიზეზი გაუგებრობისა თავად ცოდვის ცნების მცდარი გაგებაა. საღვთისმეტყველო განმარტებით, ცოდვა დანაშაული კი არა, ადამიანური ბუნების ავადმყოფობაა, რომელიც ადამიანის ღმერთთან ყოფნის უუნარობით ვლინდება. ადამის პიროვნულმა ცოდვამ დააზიანა მისი ბუნება და ეს ბუნება გადმოგვეცა ჩვენ მემკვიდრეობით. მართალია, პიროვნულად არც ერთი ჩვენგანი პასუხს არ აგებს ადამის საქციელზე, მაგრამ ადამიანური ბუნების იგივეობის გამო ჩვენც დაკარგული გვაქვს ღმერთთან ერთობის უნარი. პირველქმნილი ცოდვით ისედაც დაზიანებულ ადამიანურ ბუნებას კიდევ უფრო აზიანებს კონკრეტული ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვები. მაგალითად, შეცოდებანი ეკლესიის წინააღმდეგ, მკვლელობები, სისხლის აღრევა. ამგვარად შემცოდეთა შთამომავლობა უმძიმესი ფსიქოსომატური მემკვიდრეობითა და მიდრეკილებებით იბადება, თუმცა წინაპართა შეცოდების გამო ღვთის წინაშე პიროვნულად არ აგებენ პასუხს, ხოლო უსჯულო წინაპართაგან მემკვიდრეობით მიღებული ფსიქოსომატური დარღვევები და ყოფითი განსაცდელი მათ სულიერ გამოფხიზლებას, გენეტიკურად მიღებული ცუდი მიდრეკილებებისაგან თავის დაღწევას, ღვთისაკენ სვლასა და სულის ცხონებას ემსახურება.
ბავშვების ავადმყოფობა ხშირად მშობელთა უღმერთობის ცოდვისაგან გადარჩენას ისახავს მიზნად. ისინი, როგორც უცოდველნი (მხოლოდ პიროვნულად), თავიანთი ტკივილებით თითქოს საკუთარ თავზე იღებენ უღმერთო მშობლების ცოდვებს და ამით ქრისტეს ემსგავსებიან, რომელმაც, ერთადეთმა უცოდველმა (როგორც პიროვნულად, ისე ბუნებით), კაცობრიობის ცოდვები იტვირთა. შვილზე მოწეული განსაცდელი ხშირად ერთადერთი საშუალებაა უღმერთობის ჭაობიდან მშობლის ამოყვანისა.
ვეცადოთ, ყოველივეს მარადისობის პერსპექტივაში ვუქციროთ. გვახსოვდეს - ღმერთი მოსიყვარულე მამაა, მისი ყოველი ქმედება სიკეთეა და მარადიულ სიცოცხლეში ჩვენს შეყვანას ემსახურება.
(მამა თეოდორე გიგნაძე)
არის თუ არა თარსი რიცხვი 13?
- რიცხვი „13“ აბსოლუტურად ჩვულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი „13“-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ „13“-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენებისა და პირობითობებისაგან თავისუფალია.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment